მისაღები გამოცდების ინსტრუქცია - 5000 IT მომზადების პროგრამა
5.13.2025

 

წარმოგიდგენთ მისაღები გამოცდის გზამკვლევს. გზამკვლევის მიზანია, დეტალურად გაგაცნოთ 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის  ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა წარმატებით გაართვათ თავი ტესტირებას.

1.1 ზოგადი ინფორმაცია კურსებისა და შესაბამისი გამოცდის შესახებ

5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის ფარგლებში სამი მიმართულების კურსზე გამოცხადდა მიღება: პროგრამირება, მართვა/IT მხარდაჭერა და დიზაინი  მსურველები მისაღები გამოცდის საფუძველზე შეირჩევიან. 


თითოეული მიმართულების გამოცდა 5 მოდულისაგან შედგება. იხ. ქვემოთ:

პროგრამირება:

  1. კომპიუტერული წიგნიერება;

  2. ინსტრუქციების გააზრება;

  3. საშუალო მათემატიკა;

  4. კრიტიკული აზროვნება;

  5. რაოდენობრივი მსჯელობა;


მართვა/IT მხარდაჭერა:

  1. ვერბალური მსჯელობა;

  2. დეტალებზე ყურადღება (ტექსტუალური);

  3. ლიდერობა და კომუნიკაცია;

  4. კრიტიკული აზროვნება;

  5. საშუალო მათემატიკა;

 

დიზაინი:

  1. კომპიუტერული წიგნიერება;

  2. ინსტრუქციების გააზრება;

  3. დეტალებზე ყურადღება (ტექსტუალური);

  4. დეტალებზე ყურადღება (ვიზუალური);

  5. კრიტიკული აზროვნება;


შესაძლებელია როგორც ერთ, ისე რამდენიმე კურსზე რეგისტრაცია.
მაგალითისათვის, თუ თქვენ არჩეული გაქვთ სამივე მიმართულების კურსი: მართვა/IT მხარდაჭერა, დიზაინი და პროგრამირება, მაშინ  მოგიწევთ, დაწეროთ სამივე გამოცდა.

გამოცდის ენა: ქართული


1.2 ტესტირების პლატფორმა

ტესტირება ხელმისაწვდომია ვებ-პორტალზე doit.gov.ge  ავტორიზაციის გავლის შემდგომ მოხვდებით პირად კაბინეტში. კაბინეტში აირჩიეთ სექცია “გამოცდა”  და შემდეგ ის მიმართულება, რომლის გამოცდის წერაც გაქვთ დაგეგმილი. ღილაკი გადაგამისამართებთ გამოცდების პორტალზე, სადაც დაიწყება ტესტირება.


1.3 ტესტირებისთვის საჭირო აღჭურვილობა და ბრაუზერები

 
ტესტირებისას რეკომენდირებულია, გამოიყენოთ პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი, რადგან ტელეფონის ეკრანის ზომიდან გამომდინარე, შესაძლოა ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა სირთულესთან იყოს დაკავშირებული.

იმ შემთხვევაში თუ სხვა მოწყობილობა არ გაქვთ და აპირებთ გამოიყენოთ თქვენი მობილური ტელეფონი, დარწმუნდით, რომ ტელეფონში ჩაწერილი გაქვთ ბრაუზერი.

რეკომენდებული ბრაუზერების სია შემდეგია: 

  • Google Chrome (გუგლ ქრომი)
    ვერსია 108 ან შემდგომი. Chrome, ჩვეულებრივ, ავტომატურად ახლდება, თუმცა სასურველია, გადაამოწმოთ რომელი ვერსია გაქვთ ჩაწერილი. 

  • Mozilla Firefox
    ვერსია 102 ან შემოდგომი. 

  • Safari


კამერა და მიკროფონი

კამერისა და მიკროფონის ჩართვა გამოცდის მიმდინარეობისას არ მოგეთხოვებათ.

1.4 გამოცდის დაწყება


გამოცდის ბმული:

  • ხელმისაწვდომი იქნება  doit.gov.ge პორტალზე, პირად კაბინეტში, სექციაში “გამოცდა” .

  • გამოგეგზავნებათ პროფილში მითითებულ ელ. ფოსტაზე.

 

გამოცდის ხანგრძლივობა: 1 საგამოცდო საათი (60 წუთი) + 10 წუთიანი შესვენება (სურვილისამებრ)

ბმულის ვალიდურობა: ტესტირების ბმული აქტიური იქნება 10:00-დან 22:00-მდე

 

რეკომენდაცია: თუნდაც უკვე დაწყებული გქონდეთ გამოცდის წერა, 22:00 საათზე ტესტირების ბმული გაითიშება, ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, გირჩევთ, ტესტირება დაიწყოთ არაუგვიანეს 20:50-ისა.



1.5 ტექნიკური სირთულეები:

თუ გამოცდის მიმდინარეობისას თქვენს ლეპტოპს, პერსონალურ კომპიუტერს ან ტელეფონს პრობლემა შეექმნა ან უბრალოდ სისტემური ხარვეზი გიფიქსირდებათ, შეგიძლიათ სხვა მოწყობილობიდან შეხვიდეთ ბმულზე და გააგრძელოთ გამოცდა. გაითვალისწინეთ, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად სწრაფად შეცვალეთ მოწყობილობა, რადგან საგამოცდო დროის ათვლა გრძელდება.

2.1 საწყისი (Welcome) ეკრანი

ნებისმიერი მიმართულების გამოცდის დაწყებისას დაგხვდებათ შეტყობინება, რომელშიც ახსნილია ტესტირების მოკლე ინსტრუქცია და ჩანს ღილაკი “დაწყება”. ამავე გვერდზე მოცემული იქნება ტესტში შემავალი კითხვების რაოდენობა და  ტესტის ხანგრძლივობა.

2.2 ტესტირების მსვლელობა

თითოეული გამოცდა შედგება: 5 განსხვავებული მოდულისგან (სექციისგან).

თითოეულ მოდულში მოცემულია: 12 კითხვა, რომლის დასაწერადაც გექნებათ 12 წუთი, რომელსაც სურვილისამებრ გაანაწილებთ კითხვებზე.

შესვენება: მთელი ტესტირების განმავლობაში ჯამურად 10 წუთიანი შესვენების გამოყენება შეგიძლიათ 12 წუთის გასვლის შემდეგ (ე.ი ერთი მოდულის დასრულების შემდეგ) მომდევნო მოდულზე გადასვლამდე შეგეძლებათ გამოიყენოთ შესვენების დრო.

10 წუთიანი შესვენება შეგიძლიათ ნაწილ-ნაწილ გამოიყენოთ, ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ ავტომატურად დაიწყება ტაიმერის უკუთვლა ( ანუ დაიწყება თქვენი შესვენება), სანამ არ დააჭერთ შემდეგ მოდულზე გადასასვლელ ღილაკს. 

 

რჩევა: მაქსიმალური კონცენტრაციისთვის გაუთიშეთ თქვენს მობილურ ტელეფონს შეტყობინებების ხმა და ეცადეთ, იპოვოთ გარემო, სადაც ნაკლებად გაგეფანტებათ ყურადღება. 


2.3 დროის მთვლელი და პასუხგაცემული შეკითხვები

 

დარჩენილი დრო ყოველთვის იქნება ნაჩვენები ეკრანის ზედა ნაწილში. ეკრანზე ასევე დაინახავთ კითხვების ნუმერაციას. კითხვები, რომლებსაც უპასუხებთ, იქნება გაფერადებული, ხოლო უპასუხო შეკითხვები - თეთრი. პასუხის არჩევის შემდეგ, ყოველ ჯერზე, დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი", რათა გადახვიდეთ შემდეგ კითხვაზე.



2.4 კითხვის გამოტოვება და შემდგომ მიბრუნება

თუ შეკითხვაზე ჯერ არ გაქვთ პასუხი, შეგიძლიათ პასუხის მონიშვნის გარეშე დააჭიროთ ღილაკს  "შემდეგი" და გამოტოვებულ შეკითხვას მიუბრუნდეთ კითხვის შესაბამის ნომერზე დაჭერით. 


გაფრთხილება: ახალ მოდულზე გადასვლის შემდეგ აღარ გაქვთ უფლება მიუბრუნდეთ წინა მოდულის კითხვებს.

2.5 დასრულება

ტესტის დასრულების შემდგომ გამოგიჩნდებათ შეტყობინება, რომელიც გაუწყებთ, რომ ნამდვილად დაასრულეთ ტესტირება.

2.6 რეიტინგული სიის დადგენა

თუ ორ კანდიდატს ერთი და იგივე საბოლოო სკალირებული ქულა დაუფიქსირდება, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელმაც უფრო სწრაფად დაასრულა გამოცდა.

რა არის სკალირებული ქულა და როგორ გამოითვლება საბოლოო შედეგი?
ტესტირებისას სხვადასხვა აპლიკანტს შეიძლება განსხვავებული კითხვები შეხვდეს. სამართლიანი შეფასებისთვის, თითოეული კითხვის სირთულე გათვალისწინებული იქნება სპეციალური მეთოდით (IRT 3PL) ქულის დათვლისას – ამ ქულას ვუწოდოთ მოდულის ქულა.

ვინაიდან სხვადასხვა მოდული განსხვავებულ უნარს ამოწმებს და შესაძლოა, სირთულითაც განსხვავდებოდეს, საბოლოო შედეგის მისაღებად ჯერ ხდება თითოეული მოდულის ქულის სტანდარტიზება (საერთო შკალაზე დაყვანა), შემდეგ კი ამ სტანდარტიზებული ქულების გასაშუალოება. სწორედ ეს საშუალო განსაზღვრავს თქვენს საბოლოო სკალირებულ შედეგს.

მნიშვნელოვანი: შესვენების დრო არ მოქმედებს საბოლოო რეიტინგზე. ამიტომ შეგიძლიათ სრულად აითვისოთ კუთვნილი ათწუთიანი შესვენება.



მნიშვნელოვანი ინფორმაცია:



თუ გამოცდის მიმდინარეობისას დააფიქსირეთ რაიმე ტექნიკური ხარვეზი, შეავსეთ საჩივრის ფორმა მითითებულ ბმულზე:

https://forms.office.com/r/WTcHfDid5d?origin=lprLink

გთხოვთ, ფორმას თან დაურთოთ ნებისმიერი დოკუმენტის ბმული (სქრინი, სურათი, ვიდეოჩანაწერი), რომელიც დაადასტურებს თქვენი საჩივრის ვალიდურობას. ბმულის დასართავად შეგიძლიათ მასალები ატვირთოთ დრაივზე, WeTransfer ან სხვა მსგავს პალტფორმაზე, შუეცვალოთ წვდომა ყველასთვის და გაგვიზიაროთ ბმული.

 

აუცილებელია, შეავსოთ ყველა ველი სრულყოფილად გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 საათისა, სხვა შემთხვევაში თქვენი საჩივარი არ განიხილება.

ხშირად დასმული კითხვები:

შემიძლია კიდევ ერთხელ ვცადო ტესტის დაწერა?


არა. თქვენი მოწვევის ბმულის გამოყენება და შესაბამისად, ტესტის დაწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

რა ხდება დროის ამოწურვის შემთხვევაში?

თუ დრო ამოიწურება, თქვენი პროგრესი შეინახება და შემდეგი მოდული დაიწყება.
თუ ბოლო კითხვაზე ამოიწურება დრო, ტესტირება ჩაითვლება დასრულებულად და შედეგები ავტომატურად შეინახება.

ინტერნეტი გაითიშა, როდესაც ხელახლა დავუკავშირდი, ტესტი დასრულებული იყო. როგორ მოვიქცე?

 

ინტერნეტის გათიშვის მიუხედავად, ტაიმერი სტანდარტულად აგრძელებს დროის უკუთვლას. ეს წესი ემსახურება კანდიდატების თანაბარ პირობებში ჩაყენებას და ვრცელდება ყველა კანდიდატზე, მაშინაც კი, თუ შეიქმნა ტექნიკური სირთულეები. სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია, წინასწარ შეამოწმოთ თქვენი ინტერნეტკავშირი.

კითხვები ნელა იტვირთება ან ტესტი არ რეაგირებს. როგორ მოვიქცე?

ყველაზე ხშირად ეს პრობლემა ინტერნეტის სიჩქარეს უკავშირდება. თუ თქვენი კავშირი ნელი ან არასტაბილურია, შეიძლება პრობლემები შეგექმნათ კითხვების ჩატვირთვისა და პასუხების შენახვისას. გამოცდის დაწყებამდე გირჩევთ შეამოწმოთ თქვენი ინტერნეტის სიჩქარე. რეკომენდებული მინიმუმებია:

ჩამოტვირთვის სიჩქარე: 1.5 Mbps

ატვირთვის სიჩქარე: 2 Mbps

არ გირჩევთ გამოიყენოთ საჯარო WIFI კავშირები.

სიჩქარის შესამოწმებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ: speedtest.net


დავასრულე გამოცდა. შემდეგ რა ხდება?


თქვენი ტესტირება მთავრდება შემდეგი შეტყობინებით: "გამოცდა დასრულებულია!"

შეტყობინება მოწმობს, რომ თქვენი პასუხები შენახულია. თქვენ არ მიიღებთ დამატებით დამადასტურებელ ელექტრონულ შეტყობინებას თქვენი ტესტირების დასრულებასთან დაკავშირებით.

შეხსენება მივიღე, მაგრამ გამოცდა უკვე დაწერილი მაქვს. რატომ მოხდა ასე?


ამ შემთხვევაში, შესაძლოა იყოთ მიწვეული ერთზე მეტ გამოცდაზე, თუ არჩეული გაქვთ რამდენიმე მიმართულება.

როგორ შემიძლია ვნახო გამოცდის შედეგები?


შედეგები დაუყოვნებლივ არ იქნება ხელმისაწვდომი. გამოცდების დასრულების შემდგომ გამოცხადდება გამოცდების შედეგების თარიღი. 

 

ყველას ნახვა