
როგორ დააფუძნოთ IT კომპანია საქართველოში: სრული გზამკვლევი
გაეცანი საქართველოში IT კომპანიის დაფუძნების სრულ გზამკვლევს რეგისტრაციიდან ოპერაციული მზადყოფნამდე
საქართველო დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ბიზნესმეგობრულ ქვეყანას რეგიონში, სადაც ტექნოლოგიური კომპანიების რეგისტრაცია მარტივია, პროცედურები გამჭვირვალე, ხოლო საგადასახადო გარემო მოქნილი.
სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ სრულ პრაქტიკულ გზამკვლევს, რომელშიც განხილულია როგორ დააფუძნოთ IT კომპანია საქართველოში, რა დოკუმენტებია საჭირო და როგორ მოამზადოთ ინფრასტრუქტურა ოპერაციების დასაწყებად.
I. რეგისტრაციის ეტაპი
შესავალი
კომპანიის დაფუძნების პროცესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივია მსოფლიოში, რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ ან იუსტიციის სახლის ფილიალში და საშუალოდ მხოლოდ 1 სამუშაო დღეს მოითხოვს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მუდმივად შედის პირველ ოცეულში „Ease of Doing Business“ რეიტინგში, რაც ხაზს უსვამს ქვეყნის ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოსა და გამჭვირვალე რეგულაციებს.
ნაბიჯი 1: აირჩიეთ იურიდიული ფორმა
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს 5 ტიპის ორგანიზაციულ ფორმას კომერციული იურიდიული პირებისთვის (სპს, კს, შპს, სს, კოოპ.) ამასთან, ყველაზე გავრცელებული ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს / LLC), რაც განპირობებულია ორგანიზაციული ფორმის მოქნილობით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეწარმეო კანონმდებლობა წარმოადგენს ევროკავშირის კომპანიათა კანონმდებლობის ტრანსპოზიციას, რაც განხორციელდა ევროკავშირთან ასოცირების 2014 წლის შეთანხმების ფარგლებში კანონმდებლობის დაახლოების პროცესის შედეგად.
შპს-ს შემთხვევაში, ძირითადი მახასიათებლებია:
- მინიმალური კაპიტალი: არ არის საჭირო;
- დამფუძნებელთა მინ. რაოდენობა: 1;
- შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პირის მონაწილეობა.
ნაბიჯი 2: მოამზადეთ საჭირო დოკუმენტები
სარეგისტრაციო მონაცემები:
- კომპანიის დასახელება (უნიკალური სახელი ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
- იურიდიული მისამართი (შეიძლება იყოს ოფისი ან საერთო სამუშაო სივრცე).
- დამფუძნებლების და დირექტორების მონაცემები;
- ინფორმაცია წილების შესახებ
სადამფუძნებლო დოკუმენტები
- სადამფუძნებლო შეთანხმება
- წესდება
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ პორტალზე my.gov.ge ან პირადად იუსტიციის სახლის სამეწამეო რეესტრში. სტანდარტული ვადით -1 სამუშაო დღე, ხოლო დაჩქარებული მომსახურებით -იმავე დღეს. უნდა აღინიშნოს, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო, რადგან აღნიშნული დოკუმენტების დამოწმება შესაძლებელია უშუალოდ რეგისტრაციის დროს იუსტიციის სახლის სამეწარმეო რეესტრში. ამასთან, დამოწმება საერთოდ არაა საჭირო, თუ დოკუმენტზე ხელმოწერა შესრულებულია ელექტრონულად, “ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
შემდეგ, კომპანიამ უნდა გაიაროს რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის პორტალზე-rs.ge.
დაბეგვრის მოდელები IT ბიზნესებისთვის:
სტანდარტული დაბეგვრის რეჟიმი:
მოგების გადასახადის 15%-ინი განაკვეთი, მოქმედებს ე.წ. ესტონური მოდელი – იბეგრება მოგების განაწილება.
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი:
- მცირე ბიზნესის სტატუსი: ბრუნვის მხოლოდ 1% გადასახადი (წლიური ბრუნვა ≤ 500,000 ლარი). აღნიშნული სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
- ვირტუალური ზონის სტატუსი (Virtual Zone Person) – ექსპორტზე ორიენტირებული IT კომპანიები: არ იბეგრება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება. ამასთან ვირტუალური ზონის პირს საქმიანობის განსახორციელებლად არ ესაჭიროება ლიცენზიები/ნებართვები. სტატუსს ანიჭებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.
- საერთაშორისო კომპანიის სტატუსი – საინფორმაციო ტექნოლოგიების განსაზღვრულ სფეროებში საქმიანობის განმახორცილებელი კომპანიები, რომლებიც შემოსავალს მხოლოდ ამ საქმიანობიდან იღებენ: მოგების და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთია 5%-ი. სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.
ხელშემწყობი მექანიზმები:
- ინოვაციური სტარტაპის სტატუსი – სტარტაპი, რომელიც ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, მომსახურებას ან პროცესს: სტატუსის მინიჭებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან, სტატუსის მინიჭების მე-4 წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთია 5%-ი, რაც სტატუსის მინიჭების მე-7 წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში შეადგენს -10%-ს. სტატუს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.
- ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი – კომპანია, რომლის მიერ კვლევისა და განვითარებისთვის (RnD) წინა ფინანსურ წელს გაწეული ხარჯების მოცულობა იმავე ფინანსურ წელს მიღებული შემოსავლების მოცულობის სულ მცირე 5%-ია (არანაკლებ 100 000 ლარი) და სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი პირობა
- აქვს პატენტი ან/და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამა და კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები მიმართულია ამ პატენტის ან/და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის, შემუშავებული პროცესის ან/და მომსახურების განვითარებისკენ;
- კვლევისა და განვითარებისთვის ხარჯები გაწეული აქვს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისგან ან კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტისგან შესაბამისი მომსახურების შესასყიდად;
- მის მიერ ინოვაციური პროდუქტის, პროცესის ან/და მომსახურების განვითარებისკენ მიმართული, კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები აღრიცხულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული კვლევისა და განვითარების ხარჯების სახელმძღვანელოს შესაბამისად;
ამ სტატუსის მქონე კომპანიის მიერ წინა დინანსურ დაგროვილი წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა შესაძელებლია შემცირდეს მიერ იმავე ფინანსურ წელს კვლევისა და განვითარებისთვის (RnD) გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობით, რითაც პროპორციულად შემცირდება მოგების გადასახდით ის მიერ გადასახდელი თანხა.
☑ RS.ge-ზე რეგისტრაცია (დასაქმებულთა რეგისტრაცია RS.ge სისტემაში)
☑ სპეციალური დაბეგვრის შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის მოპოვება
☑ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის დანერგვა
III. საბანკო ანგარიშის გახსნა
კომპანიის რეგისტრაციის შემდეგ აუცილებელია საბანკო ანგარიშის გახსნა, რაც საქართველოში მარტივად ხდება და უცხოელი დამფუძნებლებისთვისაც ხელმისაწვდომია.
საჭირო დოკუმენტები და მასალები:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- დამფუძნებლებისა და დირექტორების პასპორტები
- წესდება
- კომპანიის ბეჭედი არსებობის შემთხვევაში)
საშუალო გახსნის დრო: 1–3 სამუშაო დღე
პოპულარული ბანკები: TBC Bank, Bank of Georgia, Liberty Bank, Credo
IV. ოფისის ან სამუშაო სივრცის შერჩევა
IT კომპანიებისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია როგორც ტრადიციული საოფისე ფართები, ისე თანამედროვე საერთო სამუშაო სივრცეები.
პრემიუმ-დონის ოფისები განლაგებულია ქალაქის ცენტრალურ უბნებში, გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, ენერგოეფექტური სისტემებითა და სრული ადმინისტრაციული მომსახურებით. საშუალო დონის ოფისები ოპტიმალური გადაწყვეტილებაა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის. ისინი უზრუნველყოფენ საჭირო ინფრასტრუქტურას უფრო ხელმისაწვდომ ფასად. საერთო სამუშაო სივრცეები მოქნილი პირობების გამო განსაკუთრებით პოპულარულია ტექნოლოგიურ სტარტაპებს შორის.
V. საბოლოო ეტაპი, ოპერაციული მზადყოფნა
რეგისტრაციისა და საბანკო ანგარიშის შემდეგ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
- ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება
- დასაქმებულთა რეგისტრაცია RS.ge სისტემაში
მოკლე მიმოხილვა
დაფუძნება:
საგადასახადო:
☑ რეგისტრაცია RS.ge-ზე
☑ საგადასახადო რეჟიმის შერჩევა
☑ ვირტუალური ზონის სტატუსის განხილვა
ბანკი და ოპერაციები:
☑ საბანკო ანგარიშის გახსნა
☑ ბუღალტრული აღრიცხვა
☑ ელექტრონული ხელმოწერა
ინფრასტრუქტურა:
☑ ოფისის ან სამუშაო სივრცის შერჩევა
☑ ინტერნეტი და კომუნიკაციები
☑ გუნდური მუშაობის პლატფორმები
დასკვნა
საქართველო დღეს გთავაზობთ ტექნოლოგიური ბიზნესის დაწყების მარტივ, იურიდიულად გამჭვირვალე და არაბიუროკრატრიულ მოდელს. ერთ სამუშაო დღეში შესაძლებელია კომპანიის რეგისტრაცია, რამდენიმე დღეში საბანკო ანგარიშის გახსნა, ხოლო მოქნილი საგადასახადო სისტემა და ციფრული სერვისები ქმნის პირობებს, რომ IT კომპანიებმა სწრაფად დაიწყონ ოპერაციები და მარტივად გაუშვან პროდუქტი გლობალურ ბაზარზე.